გასეირნება მარიბორში

9.29.2012


მისია: მარიბორში ჩასვლა თაუნსენდის თამაშის სანახავად.
როდის: 2012 წლის 25 ოქტომბერს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თსუ-ში გაცვლითი პროგრამის კონკურსი ჩატარდა, რომლის შედეგადაც ლიტვაში აღმოვჩნდი შენგენის ვიზით. და მეც ის მომივიდა თავში აზრად, რასაც ყველა ქართველი აკეთებს ხოლმე შენგენის ვიზის შოვნისას - სხვა ქვეყნებში წასვლა.

ჰოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ტოტენჰემის თამაშზე წასვლა გადავწყვიტე. ერთადერთი, რაც მაინტერესებდა, ის იყო, ვისთან ერთად მოვხვდებოდით ჯგუფში. სკანდინავიური ქვეყანა მინდოდა ძალიან ან ავსტრია-შვეიცარია.

მაგრამ არ გამიმართლა. ჯგუფში ლაციოსთან (რომი), პანათინაიკოსთან (ათენი) და მარიბორთან (სლოვენია) ერთად მოვხვდით. რომი არ მინდოდა, არ მომწონს რაღაცნაირად. მარადიული ქალაქი და რამე კია, მარა იტალიური კულტურა არ მიზიდავს ზოგადად. ათენი კიდევ უფრო არ მინდოდა. საბერძნეთი, სამწუხაროდ, ტურისტულ ქვეყანაზე მეტად სხვა რამესთან ასოცირდება ქართველებისთვის.

ასე და ამგვარად, რომაული და ბერძნული კულტურების დაწუნების შემდეგ დარჩა მარიბორი. 

ორი პრობლემღა მქონდა: 1. მარიბორში ჩასვლა; 2. თამაშის ბილეთი.

ერთი საიტია, Adventure generator for spontaneous people (Drungli.com), (რაინეარის და ვიზეარის ბაზას იყენებს მგონი), რომელზეც იაფი ფრენების ნახვა შეიძლება. 25 ოქტომბერთან ახლოს ყველაზე მისაღები რეისი ვარშავა-ბუდაპეშტში იყო. ვიყიდე ეს ბილეთი, 12 ევროდ. 22 ოქტომბერსაა ნაშუადღევს/საღამოს.

ამის შემდეგ, შესაბამისად, მჭირდებოდა ვილნიუსიდან ვარშავაში და მერე ბუდაპეშტიდან მარიბორში ჩასასვლელი გზების პოვნა. SimpleExpress-ზე ვიყიდე ავტობუსის ბილეთი 16 ევროდ - ვილნიუსი-ვარშავა, რომელიც იმითაა კარგი, რომ 21 ოქტომბრის საღამოს (22:30) გადის და ვარშავაში დილის 6 საათზეა. ღამით ავტობუსში დავიძინებ და პოლონეთში ჰოსტელი არ დამჭირდება. ბუდაპეშტში ვიქნები 22 ოქტომბრის საღამოს. მერე წარმოდგენა არა მაქვს რას როგორ ვიზამ.

თამაშის ბილეთს რაც შეეხება, ძალიან პრობლემატური იყო. ელექტრონულად არ ყიდდნენ და მხოლოდ ადგილზე შეიძლებოდა ყიდვა, თან, პაკეტებს (3 ან 2 საშინაო მატჩი ერთად. მარტო ტოტენჰემს ვერ დაველოდებოდი, რადგან მაგ დროისთვის უკვე მთლიანად გაყიდული იქნებოდა). მარიბორს მეილი მივწერე, მეთქი, ასე და ასეა საქმე და მიშველეთ რამეთქო. შენც არ მომიკვდე. საერთოდ არ მისვლიათ ის მეილი, Failed delivery report-ი მომივიდა.

ამის მერე ავდექი და მარიბორის ფორუმზე დავწერე, ასეთ დღეში ვარმეთქი. და ძალიან გამიმართლა. ერთმა ადგილობრივმა ფანმა მომწერა, გრეგამ, მე გიყიდი ბილეთსო (რომ ჩავალ, ფულს მერე გადავუხდი). 25 ევრო დამიჯდა (ლაციო+ტოტენჰემის ბილეთია ერთად). ერთი რაღაცაა ოღონდ: გრეგა მარიბორის ფანია, რა თქმა უნდა, და მარიბორის ყველაზე აქტიური ფანების სექციაში მომიწევს ყოფნა (მგონი ულტრასებში : ). ტოტენჰემის დროშა არ გამოაჩინოო, გამაფრთხილა.

ერთი პრობლემა: მარიბორში ყველა ჰოსტელი, განსაკუთრებით იაფები, უკვე დაჯავშნულია. მრჩება ორი ვარიანტი: 1. couchsurfing; 2. სტუდენტებს რომ მივწერო, საერთო საცხოვრებელში სტუმრად დამიტოვონ შესაბამის ოთახში.

ამ დროისთვის სულ ესაა. დრო: 29 სექტემბერი, 02:30 ვილნიუსის დროით.
ვილნიუსი

ჰო, სლოვენიის მერე ვაპირებ ავსტრიაში წასვლას, მერე ჩეხეთში (ბრნოში მეგობრები არიან, იმათაც შევუვლი) და მერე პოლონეთის გავლით უკან ვილნიუსში. ეს ყველაფერი ავტოსტოპით. არც ჰოსტელი დამიჯავშნავს ჯერ და არც მიმიწერია ვინმესთვის.

13 ოქტომბერი 

18:37: People are awesome! ერასმუს მარიბორის ჯგუფში დავწერე, ასე და ასეა, ჩამოვდივარ და ჰოსტელი არაა ან ძალიან ძვირიათქო და ერთმა ბიჭმა მომწერა, ჩემთან დარჩიო. თან, სტადიონი იქვეა იმის სახლთან. რაულ კაჩორო, ესპანელია.

დაა ეს ყველაფერი არ არის - რამდენიმე წუთის წინ Couchsufring-ზე Schwechat-იდან მომწერა ერთმა (ვენასთანაა იქვე პატარა დასახლება), მე დაგიტოვებო. დიეგო, ეს არგენტინელია (ამიტო ორმაგად მიხარია).

მშვენიერია.

14 ოქტომბერი 

00:08: დიეგომ მომწერა, ”ბესიტო”, ახლა ბელგრადში ვარ და ავსტრიაში როგორც კი დავბრუნდები, ჩემს ბოიფრენდს ვკითხავ, თუ შეგვიძლია შენი დატოვებაო. ერთად ვცხოვრობთო.

ოო არა.

ჰოსტელში დავრჩები ვენაში კაცო, არაა პრობლემა.

21 ოქტომბერი:

20:34 - ბარგის ჩალაგებას ვიწყებ. ლეპტოპი ჩანთაში უნდა ჩავდო. 22:30-ზე გადის ავტობუსი. იმედია არაფერი არ დამრჩება. დილის 6-ზე ვარშავაში ვიქნები.

22:57 - გზაში ვარ უკვე. ათზე უკვე სადგურზე ვიყავი, ნახევარ საათში უნდა გასულიყო წესით (22:30 ეწერა ბილეთში), მაგრამ 22:15-ზე გავიდა.. უცნაურია. მაგრამ კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ ახლა ამას ავტობუსიდან ვწერ. შტეფცელი და Wi-Fi დამხვდა :) ჯერ გვერდითა სკამი ცარიელია, ვნახოთ ვინ ამოვა.

ცუდი ამბავი: დროშა დამრჩა..

22 ოქტომბერი:

06:00 (ვარშავის დროით) - 1 საათით განსხვავდება აქაური დრო ლიტვურისგან. ავტობუსი ამ უკანასკნელის მიხედვით მოძრაობდა. ამიტომ 5-ზე ჩამოვედი. ახლა ვარშავა ცენტრალში ვარ და მოდლინის მატარებლის ბილეთის ყიდვა მინდა, ჯერ უნდა გადავწყვიტო რომელ საათიანს გავყვე. მოდლინში ჩემი აეროპორტია. 40 კილომეტრშია ვარშავიდან (მტერს არ ვუსურვებ ამხელა მანძილის გავლას). ალბათ 1-ლ საათიანს გავყვები. ფრენა 16:10-ზეა.

5 საათი მაქვს ანუ ახლა ვარშავაში.

14:42 - აეროპორტში ვარ უკვე. ფრენა საათნახევარშია. ვარშავა ცენტრალში ქართველები ვნახე, 5-6 კაცი. არ გამოვლაპარაკებივარ. ქართველურად ეცვათ, ქართველურად იქცეოდნენ, რაღაც კოდს და გადმოსაგზავნ თანხას ახსენებდნენ. მოკლედ, გულმა არ გამიწია.

ვარშავის ეროვნული სტადიონი
ვარშავის ახალი სტადიონი დავინახე მატარებლიდან. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. რამდენიმე დღის წინ აქ პოლონეთი-ინგლისის თამაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო გადაიდო - მოედანი მთლიანად დატბორილი იყო. არაუშავს, ბევრი მოედანი დატბორილა და ბევრი მატჩი გადადებულა ამ მიზეზით, მაგრამ აქ გასაკვირი ერთი რამეა: სტადიონს ჭერი აქვს (!).

ბუდაპეშტში 4 სავარაუდო ჰოსტელი შევარჩიე, 2 ღამის ფასი 10-დან 20 ევრომდე მერყეობს. წინასწარ არ დამიჯავშნავს (ფრენა არ გადაიდოს, ან რავიცი), პირდაპირ მივალ.

აუ, ვარშავაში რა მაგარი ნისლი იყო. არაფერი არ ჩანდა დილით საერთოდ. უუუშველებელი ცათამბჯენი იყო და ბოლო არ უჩანდა ბურუსის გამო. ქალაქის ცენტრი არ მინახავს, ვერ მოვასწრებდი ნორმალურად. ვერც დავინახავდი ვერაფერს. თან, იმ ბილეთების აპარატსაც ვერ გავუგე ვერაფერი. უკან დაბრუნებისას ვნახავ.

თაუნსენდს მივწერე ტვიტერზე, შენს სანახავად ჩამოვდივარ ამხელა გზაზე და ვარჯიშზე იაქტიურე, რომ ძირითადში გათამაშონთქო.

20:06 - ბუდაპეშტში ვარ. მეტროდან რომ ამოვედი, wow აღმომხდა. ჯერ არაფერი არ მინახავს, მაგრამ რაც ვნახე, არქიტექტურაა საოცარი. ბნელა უკვე. საღამოს გავალ ალბათ გარეთ. მშვენიერი ჰოსტელი შევარჩიე - 11th Hour Cinema Hostel. 5 ევრო ღამეში. მყუდროა, კარგ ადგილასაა და ყველაფერი უფასოა, რუკებიდან დაწყებული ჩაით და ყავით დამთავრებული. მომწონს.

დღეს მთელი დღე ვილნიუსში სახელდახელოდ გაკეთებულ სენდვიჩებზე ვარ + 2 ბანანი + 1 სნიკერსი.

P.S. ქალაქში თურქული შაურმების სიმრავლე შეინიშნება.

P.P.S. ამ ქვეყანაში ევროსთან მაგარი კურსიაოო.. 1 ევრო=279 ფორინტი. ჩემს საკუთარ ჰოსტელს გავხსნი.

23 ოქტომბერი

17:39 - მაკდონალდსის wi-fi-თ KFC in Budapest დავგუგლე და ახლა KFC-ში ვარ. ქათამი თუ არ გძულთ, კარგი ადგილია, ულიმიტო სასმელით. დაა როგორ გამიხარდა, როცა სასმელებში ლიპტონის ცივი ჩაიც იყო.. მაგრამ მხოლოდ ლიმონის. So close

ბუდაპეშტი.. ბუდაპეშტი არი.. ბუდაპეშტი არი ულამაზესი ქალაქი. ყველა შენობას, ყველა ხიდს აქვს რაღაც განსაკუთრებული - ან ქანდაკება, ან პატარა თაუერი, ან ჯვარი, ან ეს ყველაფერი ერთად. წარმოიდგინეთ, ქუჩაში მიდიხართ და ყველა სახლის წინ მიქელანჯელოს პიეტაა (ამის იქეთ ქანდაკებებში ჩემი ცოდნა არ მიდის), და თქვენ ზედაც არ უყურებთ, იმიტომ რომ მერე რა, არაფერი განსაკუთრებული, ასეთები ხომ ყველგანაა.

რაც მთავარია, ხასიათი იგრძნობა ქალაქში ქალაქის. ეს რთული რაღაცაა, ვერ აღვწერ, მაგრამ ნამდვილად ასეა.

უნგრეთის პარლამენტი
ციხე-სიმაგრეზე ვიყავი, ამაღლებულ ადგილასაა და მთელი ქალაქი ჩანს იქედან. რაღაც ლამაზი შენობა დავინახე, კათედრალს მივამსგავსე. თურმე პარლამენტი ყოფილა. ჩემით ვერასდროს ვერ მივხვდებოდი. სამაგიეროდ, ვერც უნგრელი ვერ მიხვდება ვერასდროს ქუთაისში რისი შენობაა ის დიდი მინებიანი ნაგებობა.

ჰო, პატარა მაგნიტიანი სურათი ვიყიდე მაცივრისთვის, ამ პარლამენტის გამოსახულებით. მე და ჩემ ძმას ტრადიცია გვაქვს (აქამდე მარტო ჩემ ძმას ჰქონდა), რომელ ქვეყანაშიც მივდივართ, იმ ქვეყნის/ქალაქის მაგნიტს ვყიდულობთ. მინიმუმ ექვსის ჩატანა მომიწევს საქართველოში.

რკინიგზის სადგური. ოუშენის რამდენიღაცა მეგობარში რომაა ერთი სცენა, იმ ჩინელს რომ ჩემოდნით აგზავნიან რკინიგზის სადგურიდან, აქაა გადაღებული. ხელოვნების ნიმუშია. არქიტექტურული შედევრი.

ვენა და პრაღა ალბათ უფრო ლამაზია, არ ვიცი, მაგრამ ამის შემდეგ კულტურული შოკის მაგვარ რაღაცას მაინც აღარ მივიღებ იმედია.

23:36 - ჰოსტელში ვარ, ახლა მოვედი. ჰიჩჰაიკინგი ვერ გავბედე აქედან და მატარებლის ბილეთი ვიყიდე 42 ევროდ. კი ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ ღამით არაფერს არ შევჭამ + ამას წინათ ერთი ჟაკეტი მომეწონა და არ ვიყიდე + გაზაფხულზე გელამ, ლუდი მიყიდეო და არ ვუყიდე. ჰოდა, ჯამში კი გამოვიდა ბილეთის ფული. ისე, აქაურ ვალუტაში 12 000-ზე მეტი ფორინტი გადავიხადე. ფანტა 300 ფორინტი ღირს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 დღიანი ბილეთი 1500. ამ ქვეყანაში ალბათ who wants to be a millionaire-ს ვის უნდა გახდეს სიქსტილიონერი ქვია.

12:11 საათზე გადის მატარებელი და 19:36-ზე მარიბორში იქნება. ვარჯიშს მივუსწრებ ნეტა?

ტოტენჰემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სამოგზაურო რჩევები დაწერეს მარიბორში წამსვლელებისთვის. ადრე ასეთ პოსტებს ”გარედან” ვუყურებდი და ახლა ისე ვკითხულობ, ვითომ მე მეხება. ვითომ რა, მართლა მე მეხება.

There is a large area called Castle Square, where fans may wish to congregate. The amenities include bars, cafes and restaurants and Castle Square is a 15-minute walk to the Ljudski vrt Stadium. Local Police will be on hand throughout the day in this area should fans experience any problems.

აქ მივალ. ეჰ, დროშით ხელში რა მაგარი იქნებოდა..

24 ოქტომბერი

21:29 - მარიბორში ვარ! yeah. 7 საათი მოვდიოდი მატარებლით. ცარიელი იყო კუპე მთლიანად, მარტო ვიყავი. სადგურზე გრეგა დამხვდა (ბილეთი ვინც მიყიდა) და რააა მაგარი ტიპია. აი, ჯიგარს რომ ეძახიან ჩვენთან. ბარში დამპატიჟა, არ ვსვამ-მეთქი, წვენი დალიეო. წავედით. იქ მისი მეგობარი მოვიდა. 28-29 წლის ტიპები არიან, მარიბორის ულტრასების წევრები. მთელი ქალაქი ვიცითო, ყველას ვიცნობთ აქო. მერე სტადიონზე წამიყვანეს მანქანით, ღია ვარჯიშია და იქნებ მივუსწროთო. ვერ მივუსწარით. მაგრამ ღიაც არ იყო.

თამაში ხვალაა, 7-ზე. 4-ზე უნდა შევხვდე გრეგას და მის მეგობარს. მანამდე ინგლისელ ფანებს მოვძებნი, იმ Castle Square-ზე იქნებიან ალბათ. სადღაც 800-1000 კაცი იქნებაო. სტადიონზე ჩემს მოპირდაპირე სექტორში იქნებიან. მე.. მე ულტრასების სექტორში ვიქნები. გოლს რომ (თუ) გაიტანს ტოტენჰემი, ოოოუ ნოოო.... დემნ ით უნდა დავიძახო :)

ახლა რაულთან ვარ, კაი ტიპია ესეც, IT-ის სტუდენტი. wi-fi აქვს ოთახში. ბინაში სხვებიც არიან, სხვა ოთახებში.

ცოტა ხანში დავწვები რომ დილით ადრე ავდგე და ქალაქი დავათვალიერო.

So far so good!

25 ოქტომბერი

09:06 - გავიღვიძე ^_^ matchday. რუკას დავხედავ და გავალ. ვეცდები ვარჯიშს მივუსწრო.

ბეილი, დემბელე და ადებაიორი არ ჩამოსულან მარიბორშიო, ოჯახური მიზეზების/ტრავმების გამო. პირველ ორზე გული დამწყდა, მარა არაუშავს. მთავარია თაუნსენდმა ითამაშოს.

გუშინ გრეგა და მისი ძმაკაცი ბლატაობდნენ, ხვალ ნახავ რას ნიშნავს ნამდვილი ფანებიო. ინგლისელებივით კი არ ვართ, 5 წუთი რო მღერიან და მერე ჩუმდებიანო, მთელი თამაში ვმღერითო.

რუკა მომცა რაულმა. წავედი.

12:52 - თამაშამდე დარჩა 6 საათი და 8 წუთი. Castle Square-თან ვარ ახლა. მარიბორის ტენტი დგას რაღაც, კაშნებს ყიდიან (Maribor - Tottenham), მარა მეტი არაა ჩემი მტერი 15 ევრო გადავიხადო იმაში. ფანები, გაგიკვირდებათ და ჯერ არ მინახავს. ალბათ იმიტომ, რომ ცენტრში ცოტა ხანს გავჩერდი. პატარა მთა აქვთ აქ, მარიბორში, მთაწმინდის ანალოგი, პირამიდას ეძახიან. იქ ავედი. მთელი ქალაქი ჩანს ამ პირამიდიდან. ლამაზი ხედია. ეს სახლების სახურავები მაგიჟებს.


ერთი ბარის წინ ჩავიარე და ასეთი წარწერა ჰქონდათ დაფაზე - Yid Army - Beer 2.2 Euros. #მარკეტინგი. ლუდს არ ვსვამ და კინაღამ შევედი.

რაულმა მითხრა, 40-მდე ფანი დადიოდა გუშინ ქუჩებშიო, კაშნები ეკეთათ და მღეროდნენო. მეც ვიმღერებ დღეს. ოღონდ მარტო არა.

წავედი.

21:58 - სახლში ვარ. თავიდან დავიწყებ.

4-ზე გრეგა ვნახე, გარეთ დავსხედით, ვილაპარაკეთ. სებასტიანიც მოვიდა. აჰ, მანამდე, მანამდე მოხდა მნიშვნელოვანი რაღაც. მოედანზე რომ დავდიოდი აქეთ-იქეთ, ტოტენჰემის ფანების პატარა ჯგუფი შემხვდა. გამოველაპარაკე. რომ ვუთხარი მეც მოვდივარ თამაშზე მეთქი, ბილეთი გაქვსო? კი მეთქი, მაგრამ მარიბორის ულტრასებშითქო. ააჰ, ამას აქვს 2 ბილეთი ტოტენჰემის სექტორშიო, მეორეზე მანიშნა მოლაპარაკემ. და ჩემდა გასაკვირად გაცვლა შემომთავაზეს. სიხარულით გავუცვალე. ყიდდა ალბათ ბილეთებს და მარიბორის სექტორის უფრო იოლად გაიყიდებოდა, ადგილობრივები იყიდდნენ. მეშინოდა, ყალბი არ იყოსმეთქი, მაგრამ სხვა ბილეთებს შევადარე მერე და სებასტიანთან ერთად დავასკვენი, რომ ნამდვილი იყო.

უფრო მანამდე მდინარის ნაპირთან სხვა ფანები შემხვდნენ. პირველები ესენი იყვნენ. ერთი პაბის წინ ლეგენდარული ბილ ნიკოლსონის სიტყვებიანი ბანერი ჰქონდათ გაშლილი. მივედი. ლუდი შემთავაზეს, შემოგვიერთდიო. სურათი გადავიღე. არ ვაპირებდი მობილურით სურათების გადაღებას საერთოდ, იმიტომ, რომ ცუდი ხარისხის ფოტო კარგ მოგონებებს შესაბამისად ვერ აღბეჭდავს, მაგრამ მაინც კარგია ახლა რომ ვუყურებ.

Club ambassador style
ამასობაში 7 საათიც მოახლოვდა. ჩანთა გრეგას მანქანაში დავტოვე და სტადიონზე 1 საათით ადრე შევედი. ინგლისურად მოლაპარაკე სექტორში ჩავედი და აქეთ-იქეთ ყურება დავიწყე, ჩემს რიგს და ადგილს ვეძებდი. ამ დროს ვიღაცამ დამიძახა უკნიდან, რას დაბოდიალობ ბიძია, დაჯექი სადაც გინდა, ვინ გიკონტროლებსო. კაითქო მე ვუთხარი და წინ დავჯექი. მერე გამომელაპარაკა ეს კაცი, ხანში შესული იყო, მეგობრებთან ერთად იჯდა. მეთქი ასე და ასეა, საქართველოდან ვარ ტოტენჰემის ფანითქო. გაეხარდა. მერე ახალმოსულ მეგობარს გაუზიარა ეს ამბავი და თან მითხრა, მოდი, სურათი უნდა გადაგიღოთო. გადავიღეთ. მერე ამ კაცთან გავაბი საუბარი. ლონდონიდან ვარო, 50 წელიწადია ტოტენჰემის ფანი ვარო, 5 წლის ასაკიდანო. 30 წელიწადი სეზონის ბილეთი გვაქვსო (გასვლითი თამაშებისაც), თამაშს არ ვტოვებთო. მერე მე გამომკითხა ჩემი ამბავი. მოვუყევი, ლიტვიდან ჩამოვედიმეთქი, 4 წელიწადია ტოტენჰემის ერთი თამაში არ გამომიტოვებია და ახლა პირველად ვარ თამაშზემეთქი. ესიამოვნა. ის მომენტი იყო რა, ბაბუა-შვილიშვილური. მერე ცელოფანში დაიწყო ხელების ფათური და ცოტა ხანში ტოტენჰემის One Hotspur-ის გულსაბნევი გამომიწოდა, ეს შენიაო. 

და ეს ჩემია ახლა :)

მერე თაუნსენდი ვახსენე, ნეტა დღეს თუ ითამაშებსმეთქი. მოგწონსო? კი მეთქი, კარგი ახალგაზრდაა და ასეთ თამაშებში უნდა მივცეთ წუთებითქო. დამეთანხმა. ვერტონგენზეც ვისაუბრეთ. აღფრთოვანებულმა მოვუყევი, როგორ გავდა ვერტონგენის ვარდნა ტორესზე 2 დღის წინ ლედლის ცნობილ ვარდნას რობენზე. შევთანხმდით, რომ ვერტონგენი კინგის ღირსეული შემცვლელია.

ამასობაში ფეხბურთელები გამოვიდნენ გასახურებლად. ჯერ ლორისი მხოლოდ. ტონი პარკსი გამოყვა, რომელიც ვიცანი და ამით მოვხიბლე კიდეც ალბათ თანამოსაუბრე. მოგვესალმა ლორისი. მერე დანარჩენებიც გამოვიდნენ თეთრ ფორმებში. უოკერი ჩვენს სექტორთან ახლოს რომ მოვიდა, There's only one Kyle Walker-ის ჩანტირება დაიწყეს მის მხარდასაჭერად. რთული პერიოდი უდგას, ჩელსისთან თამაშის შემდეგ ტვიტერის ექაუნთიც კი გააუქმა, ისე აკრიტიკეს ფანებმა.

და აი, გაისმის მსაჯის სასტვენის ხმა.. რომელიც მალევე ტოტენჰემის ფანების შეძახილებში იკარგება სადღაც.. ჰო კაი, მხატვრულად წერა არ გამომივა, თავს დავანებებ. ფანები. არ გაჩერებულანმეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ გულით მღეროდნენ და ყვიროდნენ. ჰქონდათ ჩანტები ვერტონგენზე, He comes from Amsterdam, he plays for Tottenham თუ რაღაც, ბოაშზე - Who are we? AVB's (blue & white army იგულისხმება აქ ალბათ), Who are we? AVB's და ასე 10 წუთი შეუჩერებლად. ლორისსაც აქტიურად ვამხნევებდით, Hugo! Hugo! Hugo! Hugo! ბეილ ბეილ ბეილ ბეილ-ისნაირად. ზარბაზანა ბურთს როგორც კი მიიღებდა, ყველა ერთხმად Shoooooooot. და ყველაზე მთავარი: რა მაგარი შეგრძნება იყო ტოტეჰემის თამაშზე ტოტენჰემის ფანებთან ერთად ხელებგაშლილი დგომა და Oh when the Spurs go marching in-ის სიმღერა..

COYS!

1-1 დამთავრდა თამაში, თითქმის ერთნაირი გოლებით. თაუნსენდმა ძირითადში დაიწყო, მეორე ტაიმში შეცვალეს. მატჩის შემდეგ 15 წუთით გაგვაჩერეს და მერე გამოგვიშვეს სტადიონიდან, უსაფრთხოების მიზნებისთვის.

ახლა რაულმა, წამო სადმე ბარშიო,  საქართველოზე მომიყევიო, ახლოს გავიცნოთ ერთმანეთიო. წავალ, მოვუყვები.

ვენის ნიშანი გავამზადე უკვე ჰიჩჰაიკინგისთვის. და ადგილიც ვიცი დაახლოებით, საიდანაც უნდა დავიწყო.

30 ოქტომბერი

16:23 - დავბრუნდი, ”სახლში” ვარ, ვილნიუსში. რა მოხდა ამ 4 დღეში:

ოდისეა

მარიბორში ჰიჩჰაიკინგი წარუმატებელი გადმოდგა. 2-3 საათი ვცდილობდი, მაგრამ უშედეგოდ. ცუდი ადგილი იყო. მანქანებს გასაჩერებელი ადგილიც ცოტა ჰქონდათ და შორიდანაც ვერ მხედავდნენ. ისე, ერთმა ტრაილერმა მანიშნა, მოვატრიალებ და მოვალო თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ მერე არ გამოჩენილა. ერთმა, ადგილი არ მაქვს თორე წაგიყვანდიო. მოკლედ, არ გამოვიდა. ეს იყო და ეს, იმის მერე ჰიჩჰაიკინგი აღარ მიცდია. სურვილიც აღარ მქონდა. ერთადერთი იმიტომ თუ ვცდიდი, რომ ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მე ეს შემიძლია და ა.შ. მაგრამ ასეთ მიზეზებს არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას.

იმ დღეს მატარებლით გრაცში ჩავედი. ღამე იყო უკვე და მე წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავი. ქალაქის ცენტრში მოვხვდი როგორღაც, ინტუიციით. საკმაოდ გრაციოზული ქალაქი ჩანდა (თავი ვერ შევიკავე), ბევრი ტრამვაითი და ველოსიპედებით. ჰოსტელები დავძებნე მაკდონალდსში და 30 ევროზე ნაკლები არ იყო. არ ღირდა. რკინიგზის სადგურში დავბრუნდი ისევ და 1 საათში უკვე ვენის მატარებელში ვიჯექი. სიმენსის მატარებელი იყო, ხმა საერთოდ არ მესმოდა შიგნით. ვენაში სადღაც 1-ის წუთებზე ჩავედი და იქ ჰოსტელი არც მიძებნია, გარეთ გავათენე ღამე, ქოლგით ხელში, წვიმიან ქუჩებში სიარულში. ამ ყველაფერს ერთადერთი უარყოფითი მხარე ჰქონდა მხოლოდ: მარტო ვიყავი.

სხვათაშორის, ვენა არ მომეწონა. შეიძლება იმიტომ, რომ ბუდაპეშტში შოკი მიღებული მქონდა უკვე და შეიძლება იმიტომაც, რომ ღამე იყო, მაგრამ არ მომეწონა. ქალაქის ცენტრში რაღაც ზღაპრული კათედრალია, რომლის მსგავსი არსად არაფერი არ მინახავს, მაგრამ სულ ეს იყო, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ვენა ქალაქია, სადაც ტურისტები ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ, ბუდაპეშტი კიდე თვითონაა ღირსშესანიშნაობა.

გამაკვირვა იმან, რომ ღამის 3 საათზე ვენის ქუჩებში იმდენი ადამიანი დადიოდა, რამდენიც ქუთაისში პიკის საათებში არ დადის ხოლმე. მეტროც 24 საათი მუშაობდა. მაკდონალდსის ესპრესომ მიშველა, კარგი რამაა, რამდენიმე საათი ძილი საერთოდ არ გეკარება.

Before sunrise ვენაში ვიყავი მოკლედ და გამთენიისას ავტობუსის last minute offer-ი ვიყიდე 5 ევროდ. დილის 11-ზე უკვე ბრნოში ვიყავი, ჩეხეთში. არ ვიცი რატომ, მაგრამ არსად ასე ჩასვლა არ გამხარებია. ალბათ იმიტომ, რომ აქ ქართველებს ვნახავდი.

ბრნო
ჩემი მეგობარი კურსელები სწავლობენ იქ, გაცვლით პროგრამაში არიან ჩემსავით, მარი და თაკო. იმათთან დავრჩი. თან გადამყვნენ :)

ბრნოც მომეწონა, გრაცივით იყო. ვილნიუსს სჯობს. მთავარი ღირსშესანიშნაობა აქაც, ვენის მსგავსად, კათედრალია, რომელსაც ულამაზესი ფერადი მინები აქვს შიგნიდან (რაღაც სახელი ქვია ამას, მაგრამ არ ვიცი).

პრაღაში წასვლა გადავიფიქრე, საქორწინო მოგზაურობისთვის შევინახე :)

მეორე დილით კრაკოვში წავედი ავტობუსით. აი, აქ არ გამიმართლა. უკრაინული კომპანია იყო რაღაც. თავი თბილისი-ქუთაისის ავტობუსში მეგონა. რაღაც რუსული სერიალი იყო ჩართული მთელი გზა, მიშა იაპონჩიკის თავგადასავალი თუ რაღაც. ეს ის მომენტია, როცა მთელი არსებით გრძნობ განსხვავებას ევროპასა და საბჭოთა კავშირს შორის.

კრაკოვში 6-ის ნახევარზე უნდა ჩავსულიყავი, საიდანაც 6-ზე carpooling.co.uk-ზე მოძებნილი მანქანით ვარშავაში მივდიოდი 8 ევროდ. ავტობუსმა დაიგვიანა და ცოტაც და ის მანქანა აღარ დამელოდებოდა, მაგრამ გამიმართლა. 7-ის 20 წუთზე უკვე კრაკოვი დავტოვეთ პეჟოთი და ვარშავისკენ წავედით. 11 საათისთვის უკვე ჰოსტელისკენ მივდიოდი ფეხით. საწოლი ავიღე, მაგრამ ოთახში რომ შევედი ყველას ეძინა უკვე, შუქიც ჩამქვრალი იყო. ჩუმად ავძვერი მეორე სართულზე ჩემი ჩანთიანად და თეთრეულის გადასაფარებლად არც შევწუხებულვარ. კარგად მეძინა იმ ღამეს.
ვარშავა, ოლდ თაუნი

ავტობუსი მეორე დღეს (29 ოქტომბერს) საღამოს გამოდიოდა ვილნიუსისკენ, ამიტომ მთელი დღე მქონდა ქალაქის დასათვალიერებლად. დილით ფატალისტამ მომწერა (ჩემი რუმმეითია აქ, ეკონომისტი, ქუთაისელი), ეგ და თამთა (მეგობარი, კურსელი, ქუთაისელი) სტოკჰოლმში იყვნენ და იმ დღეს ჩამოდიოდნენ ვარშავაში. მოკლედ, იმ დღეს სამმმა ქუთაისელმა ერთად დავათვალიერეთ ვარშავის ცენტრი და საღამოს ვილნიუსში წამოვედით. დღეს დილით, გამთენიისას უკვე საერთო საცხოვრებელში ვიყავი.

დასასრული.
მისია შესრულებულია.

P.S. თამაშის ჩანაწერი გადმოვწერე და დიდხანს ვეძებდი ამ კადრს. და აი ისიც. თბილისში რომ ჩავალ ოთახში დავკიდებ.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.