წერა მომინდა და

2.05.2012

და ამ ბლოგზე უკეთეს ადგილს ვერ ვნახავდი დასაწერად, იმიტომ, რომ აქ რამდენიმე ათეული თუ არა, რამდენიმე ადამიანი მაინც წაიკითხავს ამ პოსტს.

სატრანსფერო ფანჯრის თემას შევეხები ორიოდე აბზაცით. ვისზე არ წერდნენ გაზეთები, სარატეო, იორენტეო, კრის სამბაო, ლიანდრო დიამიოო (თუ სწორად დავწერე გვარი), ადებაიორი მუდმივი კონტრაქტითო და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში გუნდში ორი ისეთი ფეხბურთელი მოვიდა, რომელთა მოსვლასაც ვერავინ წარმოიდგენდა, რედნაპის გარდა - ლუის საა და რაიან ნელსენი. ეს უკანასკნელი ახალი ზელანდიის კაპიტანია, სხვათა შორის, 34 წლისაა და გამოცდილებაც თავზე საყრელად აქვს. საა 33-საა (კრეატივი;) და მაქსიმუმ 1-2 სეზონი ითამაშოს მაღალ დონეზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ტრანსფერებით; არაფრის მომცემი პავლიუჩენკოს საათი ჩანაცვლებაც მშვენიერია და ნელსენმა საერთოდ რომ არ ითამაშოს, ქაბული იმდენ რამეს ისწავლის მისგან, რომ მაინც ღირს ხელფასის გადახდა. ჰო, გამოცდილებაზე რადგან ვსაუბრობთ, ისიც გავიხსენოთ, რომ ლუის საას პრემიერ ლიგა აქვს მოგებული მანჩესტერ იუნაითედთან ერთად. #iseewhatididthere

ცოტა გლობალურად რომ შევხედოთ ასეთ სატრანსფერო პოლიტიკას, მიზეზს იოლად დავინახავთ. რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, რედნაპი ევრო 2012-ის შემდეგ 99% ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება და ჩვენც ახალი მენეჯერის ძებნა მოგვიწევს. იმას კიდევ თავისი შეხედულებები ექნება ფეხბურთელებზე და ვინ იცის, ვის მოითხოვს. ამიტომ, ლევიმ, როგორც თითქმის ყოველთვის, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამ სეზონის სატრანსფერო ფანჯრებში (ზაფხული+ზამთარი) პრემიერ ლიგაში ყველაზე ცოტა (6.30 მლნ. ფუნტი) დახარჯა და დაგროვილი თანხა ზაფხულისთვის შემოინახა. და ეს თანხა ძალიან ბევრია - 20 მილიონი სტოკისგან, კრაუჩის და პალასიოსის სანაცვლოდ; 5 მილიონი ვულვზისგან, ო’ჰარასთვის, 8-10 მილიონი პავლიუჩენკოს ტრანსფერიდან და 30 მილიონზე მეტი ჩემპიონთა ლიგის სეზონიდან. ეს კი ჯამში 60 მილიონზე მეტია. ამას დავუმატოთ ბასონგის, ჯოვანის და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის უეჭველი გაყიდვა ზაფხულში და წარმოიდგინეთ იმ ახალი მწვრთნელის სიხარული, რომელიც გუნდს სათავეში ჩაუდგება.


ხვალინდელ თამაშს რაც შეეხება, იმედიანად ვარ. სტატისტიკაც ჩვენ მხარეზეა - 6 მოგება ბოლო 8 მატჩში. მაგრამ, როცა ენფილდზე თამაშობ, სტატისტიკა უნდა დაივიწყო (ლოგიკის ავტორი: დიმიტრი ობოლაძე). ხვალინდელი მატჩი ზუსტად ის არის, რასაც must-win game-ს ეძახიან. გუშინ სიტიმ მოიგო და 8 ქულამდე გაიზარდა სხვაობა. და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლები მატჩი რჩება ამ სხვაობის შესამცირებლად. umm, დღეს ჩელსი-იუნაითედზე ვის ვუგულშემატკივრო არ ვიცი. თუ მანჩესტერი მოიგებს და ჩვენც იგივეს ვიზამთ ხვალ - ჩელსისთან სხვაობა 10 ქულა იქნება, რაც თითქმის გარანტირებულ მე-3 ადგილს ნიშნავს. და თუ ჩელსიმ მოიგო, იუნაითედთან სხვაობის 2 ქულამდე შემცირების საშუალება მოგვეცემა. მოკლედ, არ ვიცი... სულერთია. ამ ლივერპულსაც კიდე რაღა მაინცდამაინც ახლა დაუბრუნდა ჯერარდი და სუარესი. #ჯანდაბა


ეს დაგაინტერესებთ: ლივერპულმა უპრეცენდენტო და ძალიან კარგი რამ გააკეთა ხვალინდელი თამაშისთვის. ფანებს საშუალება მისცა, იმ ფლეილისთის შედგენაში მიეღოთ მონაწილეობა, რომელსაც თამაშამდე და შესვენებისას ჩართავენ, You'll Never Walk Alone-სთან ერთად. გამიხარდება, თუ ასეთ რამეს ტოტენჰემიც გააკეთებს. ჰო, ფლეილისთს რაც შეეხება, ასე გამოიყურება:

თამაშამდე:

Ring Of Fire - Johnny Cash
Somebody Told Me - The Killers
Right Here, Right Now - Fatboy Slim

შესვენებისას:

I Can See for Miles - The Who
Born to Run - Bruce Springsteen

ლივერპულზე ვწერ და ბარემ იმ ინციდენტის შესახებაც გეტყვით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებობს ასეთი ტურნირი - NextGen series, რომელიც 2011 წლის აგვისტოში შეიქმნა და რომელშიც ევროპის 16 ყველაზე ცნობილი კლუბის U19 ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდები თამაშობენ. და როგორ გამიხარდა, როცა ჩვენი გუნდი, რომელშიც U17 მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, სულეიმან ქულიბალი (პერსპექტიული ბიჭიაო, ამბობენ) თამაშობდა, ამ ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მაგრამ სიხარულმა ცოტა ხანს გასტანა. ლივერპულმა წესების დარღვევაში დაგვადანაშაულა და ჩვენმა კლუბმაც თავის მართლებას და დავას ტურნირში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარის თქმა ამჯობინა. კლუბის ოფიციალური განცხადება ამბობს, რომ ამის მიზეზი ”წესების შემთხვევითი დარღვევა” იყო, მაგრამ თუ რაში გამოიხატებოდა ეს დარღვევა, ამას აღარ აკონკრეტებენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, NextGen-ში მონაწილეობის მიღება 16-დან 19 წლამდე ფეხბურთელებს შეუძლიათ და ჩვენ 15 წლის ფეხბურთელი ვათამაშეთ... საინტერესოა. მოკლედ, ასეა თუ ისე, ახლა ლივერპული შეხვდება ნახევარფინალში აიაქსსა და ბარსელონას შორის გამარჯვებულს. არადა, დაუმარცხებლად გამოვდიოდით მთელი ტურნირის განმავლობაში, რა დროსაც ინტერი 7-1 დავამარცხეთ, ერთიმეორეზე უკეთესი გოლებით. ”ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ტაში დავუკრათ ტოტენჰემს ასეთი დიდსულოვნების გამოჩენისთვის” - NextGen-ის დირექტორი.


კლინსმანის გულისამაჩუყებელი ინტერვიუ წავიკითხე ამას წინათ: ”ტოტენჰემი ყოველთვის ჩემს გულშია, რადგან ეს განსაკუთრებული ადგილია” (ტოტენჰემს გულისხმობდა ალბათ და არა გულს). ”ტოტენჰემი ცხოვრების წესია და მე ეს არ ვიცოდი, სანამ იქ მივიდოდი. ჩემს პირველ კონტრატქს ხელი რომ მოვაწერე, ვიფიქრე: ”ჰეჰ, რააა მაგარია, ლონდონში ვარ”. ორიოდე კვირაში კი მივხვდი, რომ იქ უფრო კარგი იყო, ვიდრე წარმომედგინა.”



იურგენ კლინსმანი დუბლინში დაბალი დივიზიონის ერთ-ერთ გუნდთან სეზონის წინ გამართულ ამხანაგურ მატჩსაც იხსენებს, რომლის სანახავადაც ირლანდიაში 11 000-ზე მეტი ტოტენჰემის გულშემატკივარი ჩავიდა.

”ამდენი ჩვენი გულშემატკივარი რომ დავინახე, დავეჭვდი და ჩემს თავს ვკითხე: ”კი მაგრამ, ჩვენ ხომ ახლახანს ირლანდიაში ჩავფრინდით...” შემდეგ ბიჭებს შევეკითხე და მათ მიპასუხეს: ”შენ ტოტენჰემში ხარ.”

”ტოტენჰემს განსაკუთრებული გულშემატკივრები ჰყავს. ისინი კლუბით ცხოვრობენ და სუნთქავენ. უაით ჰართ ლეინზე მიხვალ და უყურებ, როგორ მღერის 36 000 ადამიანი. და მხოლოდ ერთი სექცია კი არა, მთელი სტადიონი. იქ მიხვალ და ფიქრობ, ”ვაუ”.

კლინსმანზე გამახსენდა, ერთხელ სკოლაში გერმანულის გაკვეთილზე წიგნში მისი სურათი შეგვხვდა და, რა თქმა უნდა, არავინ არ იცოდა (და არც უნდა სცოდნოდათ) ვინ იყო. მე რომ დავხედე, ეს ტოტენჰემში თამაშობდამეთქი, ვთქვი. და მასწავლებელმა, ამიტომ მომწონხარ, ზოგადი განათლება რომ გაქვსო. ჰაჰ

ჰო, რახან ამდენი ვწერე, პირად ცხოვრებაშიც კარგადაა ყველაფერი, Midnight in Paris-ის ბოლო სცენებივით.

სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. ბონუსად რამდენიმე კარგი ხარისხის ვიდეოს დაგიტოვებთ. და თუ Vimeo-სთან ადრე არ მეგობრობდით, გასცდით YouTube-ს ფარგლებს და დაუმეგობრდით.

ბეილი 2010/11 წლების სეზონში - http://vimeo.com/16128629
ბეილი Sky Sports-ის (ან სხვა რამის) რეკლამაში - http://vimeo.com/23887202 (სტადიონზე რომ გადის, რეალის ფორმას და რონალდოს პრეზენტაციას მაგონებს ეს ყველაფერი და ცუდად არ ახდეს.)
NLD - ჩრდილოლონდონური დერბი - 2-3 - http://vimeo.com/17754388
ტოტენჰემი 2010-2012 წლებში - http://vimeo.com/35329267 (თავიდან სურათებია, მაგრამ მშვენიერი ვიდეოა, Explosions in the Sky-ის მუსიკით)

3 კომენტარი:

Anonymous at: February 5, 2012 at 5:46 PM said...

რაზე ცდებიიი :((

{ Lennon } at: February 5, 2012 at 5:47 PM said...

გამოცდებს რომ გამოვცდები
ტოტენჰემის გამო ვცდები

:yes:

ჰეჰ

n-k at: February 16, 2012 at 4:04 PM said...

სატრანსფერო პოლიტიკის რივიუ მომეწონა <3

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.