Yid Army-ს შესახებ

11.02.2011
თუ ტოტენჰემის რამდენიმე საშინაო მატჩი მაინც გაქვთ ნანახი, აუცილებლად გაიგონებდით შეძახილს - ”Yido Yido”, რაც სპურსის ფანების ერთ-ერთი საყვარელი ჩანტია. ტოტენჰემის ფანებისა და ამ სიტყვის ურთიერთობა მხოლოდ ამ შეძახილით არ მთავრდება. კლუბის გულშემატკივართა უმრავლესობა საკუთარ თავს ”Yid”-ს უწოდებს. არსებობს ტერმინი ”Yid Army”, რომელიც ფართო გაგებით ტოტენჰემის ფანებს, ვიწრო გაგებით კი საფეხბურთო ”ფირმას” აღნიშნავს, რომლის წევრთა რაოდენობა, ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ, 70-დან 90 ადამიანამდეა.

ერთი შეხედვით დიდი არაფერი, მაგრამ სიტყვა ”Yid”-ს მნიშვნელოვანი სოციალური თუ პოლიტიკური დატვირთვა აქვს და უკვე წლების განმავლობაში კამათის საგნადაა ქცეული. საქმე იმაშია, რომ ინგლისურ ენაში "Yid" (”Yiddish", მოფერებით ”Yido") დაახლოებით იმავე მნიშვნელობის მატარებელია, როგორიც ქართულში - ”ურია”, ებრაელის დამამცირებელი, კნინობითი ფორმა. სწორედ ამიტომ, ხშირად ამ ჩანტს რასისტულ მიმართვებთან აიგივებენ. ამასთან დაკავშირებით, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სპეციალური კლიპიც კი გადაიღეს, სადაც ცნობილი სპორტსმენები, ლედლი კინგისა და გარი ლინეკერის ჩათვლით, გულშემატკივრებს სიტყვა ”Yid"-ის ხსენებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.



არსებობს ვერსია, რომ ”Yid”-ისა და კლუბის ისტორია ამ უკანასკნელის დაარსებისთანავე, შორეულ 1882 წელს დაიწყო, როდესაც გრამატიკის სკოლის თორმეტმა მოსწავლემ, რომელთა შორის უმეტესობა ებრაელი იყო, ტოტენჰემ ჰოთსპური დააარსა. სხვა (და უფრო სარწმუნო) მოსაზრების თანახმად, ეს მეტსახელი კლუბის ფანებს იმიტომ აქვთ, რომ ტოტენჰემის რაიონში ისტორიულად ებრაელების დიდი რაოდენობა ცხოვრობდა. შესაბამისად, მათ რაიონში არსებული საფეხბურთო კლუბის ფანებიც ძირითადად ისინი იყვნენ. აღნიშნულის გამო  სხვა კლუბების ფანების მხრიდან ხშირი იყო ანტისემიტური ხასიათის პროვოკაციები - ”Yid”-ის დაძახება. სწორედ ამიტომ, ტოტენჰემის არაებრაელი გულშემატკივრები ებრაელებს გვერდში ამოუდგნენ, ჩვენც Yid-ები ვართ ბაზარი არააო და გვეძახეთ რამდენიც გინდათო. დაახლოებით ის ვარიანტი იყო, ცოტნე დადიანმა რაც გააკეთა ანისში. ჰოდა, როგორც დადიანის შემთხვევაში, აქაც გაამართლა ამ საქციელმა - დღეს ტოტენჰემის გულშემატკივარს არავინ ეძახის ”Yid”-ს დამამცირებელი მნიშვნელობით. პირიქით, ”Yid” სპურსის ფანებისთვის თვითდამკვიდრების საშუალებად და სიამაყის ნიშნად იქცა.

მიუხედავად ამისა, ტოტენჰემის ზოგიერთი გულშემატკივარი,  ისევე როგორც იმ ^ კლიპის გადამღები ჩელსის ფანი, დევიდ ბედილი, ”Y სიტყვის” გამოყენების წინააღმდეგია, მიიჩნევს რა მას რასისტულ ტერმინად. არადა, ებრაულ ენაში ”Yid”-ს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ინგლისურში ”fellow”-ს და ”guy”-ს. როდესაც ებრაელს უცნობი ებრაელისთვის მიმართვა სურს, მას სწორედ ამ სიტყვით მიმართავს...

ასეა თუ ისე, არა მგონია, ოდესმე ვინმემ მოახერხოს ტოტენჰემის ფანებისთვის ”Yid”-ის წართმევა და დარწმუნებული ვარ, კიდევ უამრავჯერ მოვისმენთ ლეინზე Yido Yido-ს. ამ სიტყვის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ნამდვილად გადამეტებულად მეჩვენება და მას დღეს ანტი-რასისტული (და მსგავსი) მოძრაობების ჩამოყალიბების მოდურობით ვხსნი.

1 კომენტარი:

Anonymous at: November 24, 2011 at 10:06 PM said...

lampardi ras chlipinebs :D

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.