Keep Aaron Cutting

9.12.2011

აარონი 89 წლის დალაქია ტოტენჰემის რაიონიდან. უკვე 41 წელიწადია აქ მოღვაწეობს და ადგილობრივებშიც საკმაოდ პოპულარულია. თუმცა, ერთ დღესაც, 7 აგვისტოს დილას, თავის სალონში მისული აარონის ცხოვრება თავდაყირა დადგა, როდესაც თავისი სამუშაო ადგილის მინები ჩამსხვრეული დახვდა. ლონდონის ცნობილი მოვლენებისას ”აჯანყებულებს” მისი პატარა სალონიც დაურბევიათ და ყველაფერი წაუღიათ, თმის საშრობებით დაწყებული, უბრალო ჩაიდნით დამთავრებული...

”ალბათ ჩემი სალონის დახურვა მომიწევს, რადგან არც დაზღვევა მაქვს და არც მის შესაკეთებლად საჭირო სახსრები” - ამბობდა მაშინ აარონი.

თუმცა, საზოგადოებამ მოხუცებული ადამიანი მარტო არ დატოვა და ამ ისტორიას ზუსტად ისეთი დასასრული აქვს, როგორსაც ფილმების სამყაროში ჰეფი ენდს ეძახიან.

აარონის მხარდასაჭერად ინტერნეტში აქტიური კამპანია წამოიწყეს. უკვე 10 აგვისტოს შეიქმნა საიტი, სადაც სალონის შესაკეთებლად შემოწირულობებს აგროვებდნენ. საიტზევე განთავსდა ინტერვიუ აარონთან, სადაც იგი თავის ისტორიას ჰყვება.


ალბათ გადამწვარი სახლებისა და დარბეული მაღაზიების შემყურეებს, ბევრს უარყოფითი წარმოდგენა შეგვექმნა ინგლისის მოსახლეობაზე. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილია და ინგლისში არსებობს ისეთი ხალხიც, რომელთა მართლშეგნება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მაღალ დონეზეა. სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით Keep Aaron Cutting კამპანიამ სულ რაღაც 3 დღეში გამაოგნებელი 35 000 ფუნტის შეგროვება მოახერხა. ეს თანხა საკმარისზე მეტი იყო აარონის დასახმარებლად და ფონდიც მოკლე დროში დაიხურა.

არონი 10 წლიდან ტოტენჰემ ჰოთსპურის გულშემატკივარია და უკვე 79 წელიწადია ადევნებს თვალყურს კლუბის წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს. და რა სასიხარულო სიურპრიზი იყო მოხუცი დალაქისთვის ის, რომ განახლებულ სალონში მისი პირველი კლიენტი არც მეტი, არც ნაკლები, პიტერ კრაუჩი იყო! ფეხბურთელის პლაკატი ერთ-ერთი იყო იმ მცირე რაოდენობის ნივთთაგან, რომლებიც მძარცველებს გადაურჩა.

პიტერ კრაუჩი აარონის სალონში ვიზიტისას

”თმის შეჭრა დაგეგმილი არ მქონდა, მაგრამ აქვე ვიყავი და ვიფიქრე, ”რატომაც არა?!”. აარონმა საქმეს მშვენივრად გაართვა თავი” - თქვა პიტერმა.

”სამწუხაროა იმის ხილვა, რაც ამ ადამიანებს, მათ ბიზნესს და ცხოვრებას დაემართა. მაგრამ, სასიხარულოა საზოგადოების საპასუხო რეაქციის ნახვა”.

აარონის უფრო ხალისიანი ინტერვიუ და მასთან კრაუჩის სტუმრობა ამ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ. დასასრულს უბრალოდ მინდა დავამატო, რომ ეს ისტორია, საზოგადოების თანადგომის ჩვენების გარდა, კარგი მაგალითია იმისა, რომ დღეს ფეხბურთი მხოლოდ სპორტი ან ბიზნესი არაა და მას საზოგადოებისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. კარგი იქნება, თუ ამას კრაუჩის მსგავსად რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გაიაზრებს.


0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.