კლუბის პრეზიდენტის ღია წერილი ფანებს

5.22.2011

ძვირფასო გულშემატკივარო,

ამ წერილს მე დღეს ვწერ, როდესაც არ ვიცი მოვიპოვებთ თუ არა ევროპული ფეხბურთის საგზურს მომავალი სეზონისთვის. დღევანდელი დღე ბევრ რამეს გადაწყვეტს გუნდებისთვის, ადგილების თვალსაზრისით - ასეთი იყო ამ სეზონის დაძაბული და საინტერესო პრემიერ ლიგა.

ჰარი და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენს გუნდს ისეთი ფეხბურთი ეთამაშა, რაც წლების განმავლობაში გვემახსოვრება.

ამ სეზონში ჩვენ პირველად გავუსინჯეთ გემო ჩემპიონთა ლიგას და მეოთხედფინალურ ეტაპამდეც მივედით. და ამას სანახაობრივი და ლამაზი ფეხბურთის თამაშით მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოგვენატრება და ნაწყენები ვართ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოვხვდით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელები მომავალ სეზონში ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ კლუბი ამ ელიტარულ ტურნირში დაბრუნდეს.

ჩვენი თამაში ჩემპიონატშიც მომხიბვლელი იყო და კლუბის მხარდამჭერებმა ამისგან დიდი სიამოვნება მიიღეს. ამ სეზონში პრემიერ ლიგაში მე-1000 გოლი გავიტანეთ - გოლი, რომელიც ჯერმეინ დეფოსთვის მე-100 იყო კლუბისთვის - და გავიმარჯვეთ არსენალთან და ლივერპულთან, მათსავე სტადიონზე, პირველად 1993 წლის შემდეგ.

ჩვენ წლები და ასობით მილიონი ფუნტი დავხარჯეთ იმისათვის, რომ კარგი გუნდი შეგვეკრა. გყავდეს კარგი ფეხბურთელები ნიშნავს იმას, რომ ისინი ავტომატურად მიიპყრობენ ყურადღებას სხვა კლუბებისგან. თუმცა, მე შემიძლია დაგარწმუნოთ - ჩვენ არც არანაირი მიზეზი და არც სურვილი გვაქვს, გავყიდოთ წამყვანი ფეხბურთელები. კლუბი უბრალოდ არ განიხილავს არცერთ შემოთავაზებას, რომელიც მათ ეხება.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ, რაოდენობის თვალსაზრისით, ჩვენ პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემადგენლობა გვყავს. ახალი ”25 კაციანი” შემადგენლობის წესის შემოღების შემდეგ საჭიროდ არ მიგვაჩნია, შევინარჩუნოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძირითად გუნდში ვერ მოხვდებიან. აქედან გამომდინარე, ვეცდებით, მათი რაოდენობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შევამციროთ. (რედნაპის სიტყვებით, გუნდიდან დაახლოებით ექვსი ფეხბურთელი წავა)

ამას გარდა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს არენდით სხვა კლუბებში ყოფნით (დენი როუზი, ენდროს თაუნსენდი). ეს ფეხბურთელები მომავალ სეზონში გუნდს კარგად დაეხმარებიან.

მშენებარე ახალი სავარჯიშო კომპლექსი
კლუბი მოხარულია ტოტენჰემ ჰოთსპურის ქალთა გუნდის პროგრესით სამხრეთ-აღმოსავლეთის ლიგაში. მათ ქალთა პრემიერ ლიგის სამხრეთის დივიზიონის საგზური მოიპოვეს. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ტაშით მივეგებოთ მათ დღევანდელი მატჩის შესვენების პერიოდში, როდესაც ისინი თასით ხელში სტადიონზე მსვლელობას მოაწყობენ.

მოედნის გარეთ ჩვენი ფეხბურთელები, როგორც ყოველთვის, აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტსა თუ საზოგადოებრივ აქტივობაში, რაც ორგანიზებული იყო ტოტენჰემ ჰოთსპურის საქველმოქმედო ფონდის მიერ. კლუბი მომავალში აუცილებლად განაგრძობს მსგავსი ტიპის საქმიანობას.

ჩვენ ვმუშაობთ კლუბის სამომავლო ზრდისათვის. პარასკევს (20 მაისი, 2011) ძირითადი გუნდის ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ენფილდზე (Enfield) მშენებარე ახალი სავარჯიშო კომპლექსი მოინახულა. მთავარი შენობის კონსტრუქცია თითქმის დასრულებულია და შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ობიექტი 2012 წლის ზაფხულისათვის ექსპლუატაციაში შესვლისათვის მზად იქნება. ამ შედეგის მისაღწევად ჩვენ ექვსი წელიწადი და სამი გეგმის წარდგენა დაგვჭირდა, რაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი ამბიციური და მოწადინებულია კლუბი.

 ჩვენ, ასევე, აქტიურად ვცდილობთ, მოვიპოვოთ ახალი არენა, რომელზეც უფრო მეტი გულშემატკივარი დაეტევა, ვიდრე ეს ახლაა შესაძლებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას სისტემატურად მოგაწვდით.

დღევანდელი მატჩის შემდეგ ფეხბურთელები სტადიონს წრეს დაარტყამენ და მადლობას გადაგიხდიან თქვენი დიდებული მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ არც საშინაო და არც გასვლით თამაშებში არ აკლდათ. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ამ სეზონმა უამრავი კარგი მოგონება დაგვიტოვა. დიდი მადლობა ამისთვის.

გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს ზაფხულის საინტერესოდ გატარებას და გელით მომავალ სეზონში.

პატივისცემით, დენიელი.

4 კომენტარი:

{ თორნიკე } at: May 22, 2011 at 5:09 PM said...

ფრიად საინტერესოა.

Anonymous at: June 28, 2011 at 1:14 AM said...

do spurs !

{ G.bale } at: June 30, 2011 at 9:53 AM said...

siaxleebis wera minda da ravqna??

{ Lennon } at: June 30, 2011 at 7:11 PM said...

მოგწონს ტოტენჰემი?

ეს ბლოგია, ”სიახლეებს” არ ვწერთ.

თუ რაიმე სტატიას (პატარას, დიდს) დაწერ, ან მოსაზრებას გამოთქვამ რამესთან დაკავშირებით, სიამოვნებით გამოვაქვეყნებ : )

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.