ბრძოლა ოლიმპიური სტადიონისთვის

2.04.2011

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ამ სტადიონზე ან ტოტენჰემ ჰოთსპური, ან ვესტ ჰემ იუნაითედი ითამაშებს. ორივე კლუბმა უკვე შეიტანა განაცხადი და ახლა მთელი ბრიტანეთი OPLC-ის (”ოლიმპიური პარკის მემკვიდრეობის კომპანია”) გადაწყვეტილებას ელოდება.

ოლიმპიური სტადიონი სთრეთფორდის რაიონში, ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ”უაით ჰართ ლეინიდან” დაახლოებით 13 კმ-ის მოშორებით. როდესაც 2010 წლის 1 ოქტომბერს დენიელ ლევიმ სტადიონის მიმართ ტოტენჰემის ინტერესი დაადასტურა, ამან კლუბის გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია, რადგან უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ტოტენჰემი ლეინზე ასპარეზობს. შეიქმნა ფანების სპეციალური გაერთიანება, We Are N 17, რომელიც განსაკუთრებით აპროტესტებს კლუბის მისამართის შესაძლო ცვლილებას.

არადა, ტოტენჰემმა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო ფიქრი ლეინის რეკონსტრუქციაზე (Northumberland Development Project, NDP). არსებული 36 000-იანი სტადიონის ადგილზე ახალი, ულტრათანამედროვე, 400 მილიონანი კონსტრუქცია უნდა აგებულიყო, რომელიც 60 000 მაყურებელს დაიტევდა და კლუბს შესაძლებლობას მისცემდა, ტოპ კლასის ფეხბურთელები მოეზიდა, რადგან მათთვის ხელფასების მიცემის შესაძლებლობა სტადიონის მოცულობასთან პირდაპირ კავშირშია. სხვათა შორის, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მთავარი მიზეზი, რის გამოც ფორლანი ვერ ვიყიდეთ, მისი 140 000-იანი ხელფასია კვირაში. ჩვენთან მაქსიმუმი 65 000 ფუნტია (კინგი, დეფო, მოდრიჩი...). მოკლედ, დიდი სტადიონი ჰაერივით გვჭირდება, რომ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ (უკვე ვიწრო გაგებით) გრანდად ჩამოყალიბებისკენ. 

არც ახლა ვიცი, რატომ არ მისცეს კლუბს უკვე 2 წელიწადია ამ სტადიონის მშენებლობის დაწყების უფლება. ფაქტი ერთია: ჩრდილო ლონდონის შესაბამისი ორგანოების ბიუროკრატიზმის გამო შესაძლოა ტოტენჰემი ტოტენჰემიდან გადავიდეს და ფორმალურად ”სთრეთფორდ ჰოთსპური” გახდეს... ”უაით ჰართ ლეინის რეკონსტრუქციის გეგმა უკვე მოკვდა. ჩვენ გვინდა, რომ ოლიმპიურ სტადიონზე გადავიდეთ და თუ ვერც ამას მივაღწიეთ, შესაძლებელია, ტოტენჰემი (რაიონი) მაინც დავტოვოთ” - დენიელ ლევი.

დავივიწყოთ NDP და განვიხილოთ, რა უპირატესობები გვაქვს ვესტ ჰემთან ოლიმპიური სტადიონის ხელში ჩაგდებაში.

ტოტენჰემის შეთავაზება საკმაოდ უცნაურია. კლუბი აპირებს, რომ ოლიმპიური სტადიონი პრაქტიკულად მთლიანად დაანგრიოს და მის ადგილას ახალი სტადიონი ააგოს, რაც დაახლოებით 300 მლნ. ფუნტი დაჯდება. ამის მიზეზი ის არის, რომ მოედნის გარშემო ათლეტებისთვის სარბენი ბილიკებია განთავსებული, რაც ფეხბურთის ყურებისას მიღებულ სიამოვნებას ამცირებს და ”სერია A"-ს მატჩის შთაბეჭდილებას ტოვებს. კლუბი აპირებს, რომ სტადიონი გარეგნულადაც შეცვალოს:


ტოტენჰემის ამ ინიციატივამ ათლეტთა გაერთიანებაში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ, მალევე, კლუბის ხელმძღვანელობამ მათ შესთავაზა, რომ უკვე არსებულ კრისტალ პალასის სარბენ ბილიკებს მთლიან რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და, შესაბამისად, ათლეტებს თავიანთი საკუთარი მოედანი ექნებათ. ეს კი მათ საშუალებას მისცემს, რომ სტადიონი საფეხბურთო კლუბთან აღარ გაიყონ.

კრისტალ პალასის სარბენი ბილიკები რეკონსტრუქციის შემდეგ, კომპიუტერული მოდელი:

დენიელ ლევი აცხადებს, რომ, გარდა ფინანსური მოგებისა, კლუბის მიზანი ფანების ახალი თაობის მოზიდვაა: ”როგორ შეძლებ, რომ გულშემატკივართა მომავალი თაობა მიიზიდო, თუ მათ სტადიონზე ვერ დაატევ?”. მართალია, ვერაფერს იტყვი. ყოველწლიურად 35 000-ზე მეტი ადამიანი ელოდება სეზონური ბილეთის მიღებას, მაგრამ კლუბს მათთვის უარის თქმა უწევს, რადგან ლეინზე მხოლოდ 36 000 ადგილია და ისიც ყოველთვის დაკავებული. ახალ სტადიონზე გადასვლა ამ პრობლემას მომენტალურად მოაგვარებდა და კლუბის შემოსავლებს ერთი-ორად გაზრდიდა.

ვესტ ჰემის მფლობელები, პორნო-გიგანტები - სალივანი და გოლდი - საკმაოდ ეშმაკური და ”წმინდა” წინადადებით გამოდიან - ისინი აპირებენ, რომ სარბენი ბილიკი შეინარჩუნონ და სტადიონზე, გარდა შეჯირებებისა, კონცერტები და გასართობი ღონისძიებებიც ჩაატარონ, რითაც სთრეთფორდის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ათლეტთა გაერთიანების გულის მოგებას ცდილობენ. გარდა ამისა, გეგმაშია 80 000-იანი სტადიონის 60 000-იანად გადაკეთება და სიმაღლის გაზრდა. 

ვინც პრემიერ ლიგას უყურებს, აუცილებლად დამეთანხმება, რომ აქ ვერცერთ სტადიონზე სარბენ ბილიკს ვერ ვნახავთ, ვერც ჩემპიონშიფში და უფრო დაბალ ლიგებშიც. ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ისაა, რომ ტრიბუნები უშუალოდ მოედნის გარშემოა, რაც საოცარ ატმოსფეროს ქმნის. ვესტ ჰემი კი აპირებს, რომ პრემიერ ლიგაში ”სერია A"-ს ჩანასახი შექმნას სარბენი ბილიკებიანი სტადიონით. გარდა ამისა, საინტერესოა, როგორ მოახერხებს კლუბი მის შენახვას, თუ ჩემპიონშიფში გავარდება (რისი საფრთხეც საკმაოდ რეალურია), ან მოახერხებს კი საერთოდ 60 000-იანი სტადიონის გავსებას?

ამ საკითხზე შესაბამისი ორგანოები მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას და იმედია, ის ჩვენთვის სასარგებლო იქნება. მესმის, რომ ტოტენჰემის რაიონის დატოვება ბევრ ფანში დიდ უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ეს სვლა იმდენად მომგებიანი იქნება, რომ მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირს.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.