ბენუა ასუ-ეკოტო - დაქირავებული მუშა თუ თანამედროვე პროფესიონალი?

1.23.2011
ინტერვიუ გამოქვეყნდა 2010 წლის 1 მაისს, Guardian-ის ვებ-გვერდზე.

”ფულისთვის ვთამაშობ, ფეხბურთი ჩემი გატაცება არაა” - ეს კამერუნის ნაკრებისა და ტოტენჰემ ჰოთსპურის ფეხბურთელის სიტყვებია. როგორც მოთამაშე, განსაკუთრებით არ ბრწყინავს, მაგრამ საიმედო მცველია. მის ფიზიკურ მონაცემებზე მეტად საინტერესო უფრო ეკოტოს ხასიათია. როგორც მისი თანაგუნდელები და მწვრთნელიც აღნიშნავენ ხოლმე, რთული და უცნაური ბუნება აქვს. პირდაპირი ადამიანია და ეს ძალიან მომეწონა!

”მე ზოგჯერ სხვებს ვეუბნები: ”კარგი რა, შენ ორი პიროვნება გაქვს?” - ამბობს ეკოტო, ”მე ვერ ვუსმენ ადამიანებს, რომლებიც ასე საუბრობენ. ვიცი, რომ იტყუებიან. მე? მე ასეთი არ ვარ, ყოველთვის გულწრფელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლის თქმა ყოველთვის სასიამოვნო არ არის.

”თუ ფეხბურთს მეგობრებთან ვთამაშობ საფრანგეთში, მაშინ ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ თუ ინგლისში მოვდივარ, სადაც არავის ვიცნობ და ვერც ინგლისურად ვსაუბრობ... რატომ მოვედი აქ? სამუშაოსთვის. კარიერა მხოლოდ 10-15 წელიწადს გრძელდება. ეს მხოლოდ სამუშაოა. მართალია, კარგი სამუშაო და მე არ ვამბობ, რომ მძულს ფეხბურთი, მაგრამ ეს ჩემი გატაცება ნამდვილად არაა.

”დილაობით სავარჯიშო მოედანზე მივდივარ, 11-ის ნახევარზე და პროფესიონალობას ვიწყებ. სამსახურს პირველ საათზე ვამთავრებ და შემდეგ ფეხბურთს აღარ ვთამაშობ. როცა სამსახურში ვარ, ჩემს საქმეს 100%-ით ვასრულებ. მაგრამ შემდეგ ტურისტივით ვარ ლონდონში: ჩემი ბარათი მაქვს და მეტროთი ვმგზავრობ.

”არ მესმის, რატომ იტყუება ყველა სხვა. ჩემი ყოფილი კლუბის, ლენსის (საფრანგეთი) პრეზიდენტმა, ჯერვის მერტელმა თქვა, რომ მე იმიტომ წავედი, რომ ინგლისში მეტი ფული მექნებოდა და რომ მე მისი კლუბის მაისურზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მე ვუთხარი: ”არსებობს ერთი ფეხბურთელიც კი მსოფლიოში, რომელიც კლუბში მიდის და ამბობს, ’ოუ, მე შენი მაისური მიყვარს?’ შენი მაისური წითელია, მე ის მიყვარს. ფეხბურთელისთვის ეს სულერთია. პირველი რამ, რის შესახებაც იწყებ საუბარს, ეს ფულია.

”მერტელმა მითხრა, რომ ინგლისში ფულის გამო მივდიოდი, მაგრამ რატომ მოდიან ფეხბურთელები მის კლუბში? იმიტომ რომ კარგად გამოიყურებიან? ყველა ადამიანი, ყველა, როდესაც სამსახურში მუშაობას იწყებს, ამას ფულის გამო აკეთებს. არ მესმის, რატომ ჩავარდა ხალხი შოკში, როდესაც ვთქვი, რომ ფულის გამო ვთამაშობდი. ’ის დაქირავებული მუშაა’. ყველა ფეხბურთელი ასეთია.

”პრემიერ ლიგა? დიდი უცნაურობაა. გაზეთებს კითხულობ და ეს ფილმივითაა, ყოველთვის უამრავ ჭორებს წერენ ხოლმე. ამიტომ არაა ფეხბურთი ჩემი გატაცება. როდესაც შენ პროფესიონალი ხარ, საფეხბურთო სამყარო კარგი არ არის. შენს გარშემო ხალხი იმიტომაა, რომ ფეხბურთს თამაშობ; გოგონები, სხვებიც. მე ჩემი მეგობარი გოგონა მყავს, რომელსაც მაშინ შევხდი, როცა 18 თუ 19 წლის ვიყავი და არ მინდა, დავკარგო. როდესაც ფეხბურთელი ხარ, კარგი არ არის, როცა ახალ გოგოს ხვდები 26 წლის ასაკში.

”კლუბში განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება მაქვს (აარონ) ლენონთან და (ჯერმეინ) დეფოსთან, სხვებთან შედარებით მაინც. თუმცა, პრობლემა არავისთან მაქვს. ტელეფონით არავის ვესაუბრები, გარდა (ადელ) ტაარაბტისა, რომელიც ”ქუინზ პარკ რეინჯერსშია” განათხოვრებული; მას ჯერ კიდევ ლენსის დროიდან ვიცნობ. მხოლოდ მას ვურეკავ, სხვებს არა. არ მჯერა მეგობრობის ფეხბურთში.

”ბავშვობაში, ვიცოდი, რომ სკოლა არ მომწონდა და არც ის მინდოდა, რომ მომავალში ოფისში მემუშავა, სადაც თვეში 1 500 ევრო მექნებოდა და ჩემი კარიერის ბოლოს მხოლოდ მცირე ბინა მეყიდა სადმე, გარეუბანში. გადამწყვეტი მომენტი ჩემს ცხოვრებაში მაშინ დადგა, როცა 16 წლის ვიყავი. სკოლიდან გამომიშვეს, საერთოდ აღარ ვაქცევდი ყურადღებას და იმიტომ. უკან დასახევი გზა აღარ მქონდა და გარკვეულწილად ამანაც განაპირობა ფეხბურთით ჩემი დაინტერესება. დღეს, ვცდილობ, რომ მოედანზე და ვარჯიშებზე შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო, ვიყო რაც შეიძლება მაღალი დონის პროფესიონალი, რადგან მხოლოდ ესაა, რაც გამაჩნია.

”მე იმას არ ვამბობ, რომ რადგან ფეხბურთი ჩემი გატაცება არაა, სტადიონზე ბოლომდე არ ვიხარჯები და ფანებს გავანაწყენებ, არა. 100%-ით პროფესიონალი ვარ და ვცდილობ, ყოველთვის ჩემი მაქსიმუმი გავიღო, მზად ვარ, გუნდისთვის კბილი ან თვალი დავკარგო... მე ასეთი ვარ.”

ტოტენჰემ ჰოთსპურის ყოფილი სპორტული დირექტორის, დენიელ კომოლის შესახებ საუბრისას ეკოტო ცუდ დამოკიდებულებას და უპატივცემულობას ამჟღავნებს, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს.

”კომოლი? ო, ლა ლა, ლა, ლა” (ხმადაბალი სტვენა), ”მე ერთი მარტივი წესი მაქვს; ეცადე, კაცი იყო მთელი შენი ცხოვრება. კომოლის ვუთხარი, რომ (მარტინ) იოლთან (ტოტენჰემის ყოფილი მწვრთნელი) პრობლემები მქონდა, მან კი ყველაფერი მე დამაბრალა და მითხრა, რომ მეჩვენებოდა. როდესაც იოლი გუნდიდან წავიდა, კომოლიმ აღიარა, რომ პრობლემა მართლა არსებობდა. ეცადე, რომ კაცი იყო!

”იოლის დროს, გუნდში იერარქია არსებობდა, სასტარტო შესაძლებლობები ყველას თანაბარი არ ჰქონდა. მან ისიც მითხრა, რომ ბევრს არ ვიღიმოდი. რამოსი (ტოტენჰემის მომდევნო მწვრთნელი) ყოველთვის გამოარჩევდა ხოლმე მცირე წაკინკლავებებს ფეხბურთელებს შორის; ვარჯიშისას ზედმეტად აგრესიული ხარო, ერთხელ განმიცხადა. მე კი ვუპასუხე: ”აქ ჩოგბურთს არ ვთამაშობთ, ეს ფეხბურთია. შენ გგონია, რომ ჩვენ ესპანეთში ვართ, მაგრამ ეს ინგლისია, ჩემო მეგობარო.

”ჰარისთან (რედნაპი, ტოტენჰემის ამჟამინდელი მწვრთნელი) ყველაფერი ძალიან მაგარია! ჩვენ ბევრს არ ვსაუბრობთ და მისთვის სულერთია, ვიღიმი თუ არა, ვიცი თუ არა, ვინ არის გუნდის მომდევნო მოწინააღმდეგე. თუ ჩემს საქმეს კარგად ვასრულებ, მაშინ ყველაფერი კარგადაა. ჰარი ყველაფერს მარტივად აგვარებს, რასაც წინა ორი მწვრთნელი ვერ ახერხებდა. ის პირდაპირია და ირიბი საუბრები არ უყვარს.”

ეკოტო საფრანგეთში დაიბადა და დედაც ფრანგი ჰყავს, მაგრამ იგი კამერუნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ემიგრანტი მამის ქვეყანაში.

”საფრანგეთს არ უნდა, რომ მისი ნაწილი ვიყოთ. ასე რომ, ჩვენს ფესვებს ვეძებთ. ის, რომ კამერუნის ნაკრებში ვთამაშობ, სრულიად ბუნებრივია. არ მაინტერესებს საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები; მათ მიმართ უბრალოდ გრძნობა არ მაქვს. როდესაც საფრანგეთში ადამიანებს წარმოშობის შესახებ ეკითხებიან, ’საიდან ხარ?’, ასეთ პასუხს მიიღებენ ’მაროკო’, ’ალჟირი’, ’კამერუნი’ და ა.შ. მაგრამ, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა ინგლისში, არის ის, რომ თუ იგივე შეკითხვას ლენონს ან დეფოს დაუსვამ, გიპასუხებენ: ’მე ინგლისელი ვარ’. ეს ძალიან მომწონს ინგლისში.

”ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა? გუნდისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, კლუბისთვის და ფანებისთვის. მაგრამ ჩემთვის ეს მხოლოდ დამატებითი მატჩები იქნება. როცა ლივერპულის და ჩელსის მსგავს გუნდებს ვეთამაშებით, ეს ჩემთვის ისედაც ჩემპიონთა ლიგის მსგავსია.

1 კომენტარი:

{ Tornike } at: February 2, 2011 at 3:42 AM said...

ბლოგის გაფორმება შეგიცვლიათ და ასეთი გაცილებით უკეთესია - ფერებიც და დიზაინიც.

თქვენი ბანერი გამომიგზავნეთ ფორუმზე ან tornike.khomeriki[at]gmail.com-ზე და ჩვენ ბლოგზე დავდებ.

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.