მაკლიშს წარმოდგენა არა აქვს, რა შარში გაჰყო თავი...

1.14.2011
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბენტლი სეზონის ბოლომდე ბირმინგემში ითამაშებს და კლუბს პრემიერ ლიგაში დარჩენაში დაეხმარება. მაგრამ, დიდი ეჭვი მაქვს, თვითონ დეივიდი ამ მისიით არ წასულა ლურჯებთან და უფრო თავისი კარიერის გადარჩენა ადარდებს.

ყოფილი ”მომდევნო დეივიდ ბექჰემი” 15 მილიონად ვიყიდეთ ბლექბერნიდან, მახსოვს, მაგრამ ვერ გაამართლა. არსენალს 30 მეტრის დისტანციიდან გაუტანა და ეგ იყო, იმის შემდეგ სულ დაიკარგა. არც პრეტენზიას გამოთქვამდა, იყო თავისთვის სკამზე და ხელფასს იღებდა. მაგრამ, ალბათ, ახლა მობეზრდა ეს ყველაფერი, ცოლმაც შეაგულიანა (ტვიტერით), და ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. თან, ბირმინგემში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს, მითუმეტეს, რომ იმათ ჟიგიჩი ჰყავთ გუნდში, რომელიც, ისევე როგორც კრაუჩი, ბურთი კარგად თუ არ ჩაუწოდე, ისეთივე გამოუსადეგარია, როგორც ავრამ გრანტი იბიცაზე დიჯეიდ.

ბექჰემს და ბენტლის ერთნაირი ინიციალები აქვთ (D.B.), თამაშის ერთნაირი სტილი, თუმცა, მასთან შედარება თურმე დიდად არ სიამოვნებს: ”სიტყვას გაძლევთ, დილით რომ ვიღვიძებ, მის პოსტერს არ ვუყურებ კედელზე და არ ვფიქრობ, ნეტა როგორი ვარცხნილობა აქვს დეივიდს დღეს, რომ მეც ისეთივე გავიკეთო”.

”ხალხი ვერ მიგებს. ამბობენ, თამაში არ უნდაო, არადა როგორ მიყვარს კვირაობით ფეხბურთის თამაში! ხანდახან კამერის უკან მხტომარეს მნახავთ, ხანდახან მენეჯერს რომ თავზე წყალს ვასხამ, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი ხასიათია და არა ფეხბურთთან არასერიოზული დამოკიდებულება.”

აღსანიშნავია, რომ არენდით წასვლის შემდეგ დეივიდს უკმაყოფილება არც კი გამოუთქვამს - ”ტოტენჰემში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომ, მენეჯერი რომ ვიყო, არც მე ვათამაშებდი ჩემს თავს ძირითად შემადგენლობაში!”.

რედნაპს რომ ”გაეხუმრა” ბიჭებთან ერთად, ამაზე ცალკე უნდა დავწერო, არ მინდა უბრალოდ ლინკი დავდო. სიტისთან გამარჯვების შემდეგ, როცა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, სავარაუდოდ ბენტლის ინიციატივით შემდეგი ინციდენტი მოხდა:



არ ვიცი, ალექს მაკლიშსაც იგივე ბედი ელის ბირმინგემში თუ არა, მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული - სეზონის ბოლოს უკეთესი ფეხბურთელი დაგვიბრუნდება, რადგან ბენტლის მოედანზე და მის გარეთაც შეუძლია ისეთი რამ გააკეთოს, რაც სხვა ფეხბურთელების შესაძლებლობის ფარგლებს გარეთაა. უბრალოდ შანსის მიცემა სჭირდება, რომ ეს ყველაფერი გამოავლინოს.

უკეთესი დეივიდის იმედით, Lennon7.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.