ეკოტო, დაცვას მიხედე, დაცვას!

11.23.2010

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ხშირად ვიყოთ გამარჯვებულები, - გასამართლებაც საჭიროა.

არსენალთან თამაშში, რომელიც 3-2 მოვიგეთ, მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვამ უამრავი შეცდომა დაუშვა. ეს არ ეხება ცენტრალური მცველების წყვილს - გალასს და ქაბულს, რომლებმაც მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს. მაგრამ, რამდენადაც კარგად გამოიყურებოდნენ ისინი, იმდენად ცუდად - განაპირა მცველები, ჰატონი და ეკოტო.

აქ მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს განვიხილავ:


ეპიზოდი 1. სანია აუტიდან ბურთს აწვდის ნასრის. თითქოს არანაირი ხიფათი. 


მაგრამ, რამდენიმე წამი და ფაბრეგასი თითქმის ერთი-ერთზე რჩება მეკარესთან. რატომ, ეკოტო, რატომ?


ეპიზოდი 2. ეს ის დროა, როდესაც 3-2-ს ვიგებთ, სულ რამდენიმე წუთიღა დარჩა თამაშის დამთავრებამდე და მთელი გუნდით კარს ვიცავთ:

სანიამ ბურთი მიიღო. ჩვენი ფეხბურთელები თითქოს თავიანთ პოზიციაზე დგანან და ყველაფერს აკონტროლებენ, მაგრამ...

სანიას ზუსტი გადაცემა და უოლკოტი საჯარიმოში რჩება, სრულიად მარტოდ. მასთან ყველაზე ახლოს კრაუჩია და არა რომელიმე მცველი.

ეპიზოდი 3.  დააკვირდით ტოტენჰემის დაცვის მარცხენა ფლანგს. ისე მიატოვეს, თითქოს ნახევარ მოედანზე მიდიოდეს თამაში. მთელი ფლანგი დაუცველია. (ალბათ, ეკოტომ იფიქრა, ცენტრს გავამაგრებო)


არსენალმა სივრცე გამოიყენა და ერთი-ორი პასის შემდეგ ვან პერსი საჯარიმოშია, ბურთიანად. ამის შემდეგ ხდება ის, რასაც მე ვერაფრით ვერ ვხსნი. ვინმემ გამაგებინეთ, აქ რა მოხდა:

ჩვენი 6 ფეხბურთელი საჯარიმოში ცალკე დგას, არსენალის 3 - ცალკე. საოცრებაა პირდაპირ! როგორ შეიძლება, რომ საჯარიმოში ერთბაშად 3 ფეხბურთელი დატოვო კარის წინ უმეთვალყურეოდ?!

 ამ ეპიზოდში სასწაულმა გადაგვარჩინა, კოსიელნიმ ცარიელ კარში ვერ გაიტანა გოლი.


და ეს მხოლოდ ნაწილია იმ შეცდომებისა, რაც ამ თამაშში ჩვენმა დაცვამ დაუშვა. ერთადერთი, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ დოუსონი, კინგი და ვუდგეიტი ტრავმირებულები არიან და დაბრუნდებიან და, კიდევ, იქნებ იანვარში 2 კარგი განაპირა მცველიც ვიყიდოთ, თორემ ეკოტო და ჰატონი დიდ მატჩებში ძალიან, ძალიან სუსტად თამაშობენ.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.