კარლინგის თასის ფინალი, 2008

9.09.2010
ბოლო 3 სეზონია ვცდილობ, სპურსის ყველა მატჩს ვუყურო. ამ პერიოდში თითქმის ყველა თამაში ლაივში ვნახე, მაგრამ ყოველთვის მწყდებოდა გული, რომ დეკადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვტოვე. კარგად მახსოვს ის დღე, 2008 წლის გაზაფხული იყო. არსენალის განადგურების შემდეგ გუნდმა ახალ უემბლის სტადიონზე კარლინგის თასის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც იმ წელიწადს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული ლონდონის ჩელსი გველოდა. დაბალსიჩქარიანი ინტერნეტის გამო, ლაივი ვერსად ვნახე და ბოლოს ისღა დამრჩენოდა, BBC-ის რადიო გადაცემისთვის მომესმინა, მაგრამ არც ეს იყო ურიგო. კარგა ხანს მემახსოვრება ბერბატოვის გოლით გამოწვეული ემოცია. 

ანგარიში დროგბამ გახსნა, საჯარიმო დარტყმით. ამას ჩვენმა ბულგარელმა გოლეადორმა ზუსტი თერთმეტმეტრიანით უპასუხა და მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც ჯონათან ვუდგეითმა, რომელიც შემდეგ შეხვედრის საუკეთესი მოთამაშედ დაასახელეს, გამარჯვების გოლი გაიტანა და კლუბმაც 21-ე საუკუნეში პირველი ტიტული მოიპოვა.

დღეს ვნახე ჩანაწერი და შემიძლია ვთქვა, რომ დრო ტყუილ-უბრალოდ ნამდვილად არ დამიკარგავს.

მიუხედავად ბრწყინვალე სეზონისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისა, მაინც ვფიქრობ, იქნებ იმ პერიოდში უკეთესი გუნდი ვიყავითმეთქი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ ფინალში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდებისა და ცენტრალური მცველების დუეტი იყო ჩვენს შემადგენლობაში. საუკეთესო ფორმაში მყოფი ბერბატოვი და 2 წლით ახალგაზრდა კინი. მთელი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. ბულგარელი ყველა საჰაერო ორთაბრძოლას იგებდა. კინი, ტრადიციულად, ძალიან ენერგიული იყო და ახალგაზრდული შემართება და სისწრაფე ჰქონდა. უნდა ვაღიარო, რომ ის დუეტი დეფო-კრაუჩის წყვილზე უფრო სიმპათიურად მეჩვენება. ცენტრალურ მცველებზეც იგივეს ვიტყვი - ტრავმებით გაწამებული ორი ფეხბურთელი - ლედლი კინგი და ჯონათან ვუდგეითი. მთელი 120 წუთის განმავლობაში დაცვა ერთხელაც არ ჩავარდნილა! განსაკუთრებით ვუდი მომეწონა, საუკეთესო იყო. ტოპ კლასის მცველია, მაგრამ რად გინდა, 1 წელიწადია თვალით არ მინახავს და ახლა უკვე 25 კაციან განაცხადშიც ვერ მოხვდა... ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით.

ამ კვარტეტის გარდა, ჩემი ყურადღება სხვა რამემაც მიიპყრო - დაბალანსებულმა ძირითადმა შემადგენლობამ. მარჯვენა ფლანგზე სწრაფი და შემტევი ფეხბურთელები იყვნენ - ალან ჰატონი და აარონ ლენონი, კომენტატორი რომ რაკეტას ეძახდა ხანდახან. მარცხნივ - სტიდ მალბრანკი და იმ დროს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, პასკალ ჩიმბონდა იცავდნენ გუნდს. ჰო, იცავდნენ. ხშირად მიფიქრია, დღევანდელ შემადგენლობაში ფლანგებზე ორი უსწრაფესი ფეხბურთელის - ბეილის და ლენონის დაყენებით გუნდის თავდაცვითი პოტენციალი მცირდებამეთქი. აი, იმ ფორმაციის ტოტენჰემში, ეს პრობლემა საერთოდ არ იყო. ცენტრში - ჩამშლელის ფუნქციას აწ უკვე სევილიელი დიდიე ზოკორა ასრულებდა. მის გვერდით იმ პერიოდში ძალიან კარგად მოთამაშე ჯეი-ჯეი - ჯერმეინ ჯინასი იდგა. მოკლედ, ყველამ თავისი საქმე მშვენივრად იცოდა. და ამ ყველაფერს შედეგიც მოჰყვა - დიდი ხნის ნანატრი ტიტული.

რაც იყო, იყო, ამ ყველაფერს ვეღარ დააბრუნებ და ყოველთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება, მაგრამ ერთი რამის შეცვლა რომ შემეძლოს, ეს ”ერთი რამე” დიმიტარ ბერბატოვი იქნებოდა. მიუხედავად თავისი სურვილისა და სარეკორდო თანხისა, არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი მანჩესტერ იუნაითედში. მესმის, ალბათ სხვა გამოსავალი არ იყო, მაგრამ გული მაინც მწყდება, რადგან, დღესაც, ბერბატოვი 21-ე საუკუნეში ტოტენჰემის ყველაზე მაღალი კლასის მქონე ფეხბურთელად მიმაჩნია.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.