მატჩის პრევიუ VS ჩელსი

9.19.2009
ხვალ, 20 სექტემბერს, კვირას გაიმართება მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ჩვენთვის. ამ თამაშში უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთი კვირის წინანდელ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაითედის წინააღმდეგ ნაჩვენები თამაში გუნდის შესაძლებლობების მაქსიმუმი არაა.

რედნაპი პოზიტიურადაა განწყობილი. მისი თქმით ამ მატჩში ჩვენთვისს "შეტევა საუკეთესო თავდაცვა იქნება". შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს ჩელსის დამარცხება მათსავე მოედანზე. "ჩვენ მათ აუცილებლად შევუტევთ და ვეცდებით, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. მე ვიცი მათი თამაშის სისტემა და დარწმუნებული ვარ, რომ იქ არის სუსტი ადგილები, რომელთა გამოყენებასაც ვეცდებით." – განაცხადა ჰარიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ სტემფორდ ბრიჯზე ჩვენი რეკორდი მაინცდამაინც კარგი არ არის – 1990 წლის შემდეგ ლურჯების ტერიტორიაზე აღარ მოგვიგია, თუმცა, ჩელსის წინააღმდეგ ბოლო 4 თამაშში არ დავმარცხებულვართ! ორი მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ორიც ფრედ. მათ შორისაა ტოტენჰემის სახელოვანი გამარჯვება უემბლიზე, "კარლინგის თასი 2008"–ის ფინალში.

შემადგენლობების მხრივ გარკვეული პრობლემები ორივე გუნდს აქვს. ჩელსის ტრავმების გამო ამ თამაშში ვერ დაეხმარებიან დეკო, ფერეირა, ალექსი, ჯო კოული და გუნდის ახალი შენაძენი, იური ჟირკოვი. ტოტენჰემს რაც შეეხება, კვლავ ტრავმირებულები არიან ჯონათან ვუდგეიტი, მაიკლ დოუსონი და ლუკა მოდრიჩი. სასიხარულო სიახლე ისაა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თამაშს დაუბრუნდა გარეს ბეილი. ასევე, მწყობრშია ბრაზილიელი გოლკიპერი ჰეურელიო გომესიც.

ჰარი რედნაპი დილემის წინაშე დგას – მარცხენა ფლანგზე მოდრიჩის დროებით შემცვლელობაზე ბევრი ფეხბურთელი აცხადებს მზადყოფნას – ნიკო კრანჯჩარი, ჯოვანი დოს სანტოსი, რობი კინი და ახლა უკვე გარეს ბეილიც... იმედია ჰარი სწორ არჩევანს გააკეთებს. მან აღნიშნა, რომ საეჭვოა ზუსტად იგივე შემადგენლობა დააყენოს, როგორიც გასულ კვირას უაით ჰართ ლეინზე.

გუნდების სავარაუდო ძირითადი შემადგენლობები ასე გამოიყურება:

ჩელსი: პეტერ ჩეხი, ჟოზე ბოსინგვა, ჯონ ტერი, რიკარდო კარვალიო, ეშლი კოული, მაიკლ ბალაკი, ფრენკ ლამპარდი, ფლორენ მალუდა, ჯონ–ობი მიკელი, დიდიე დროგბა, ნიკოლას ანელკა.

ტოტენჰემ ჰოთსპური: ჰეურელიო გომესი, ბენოიტ ასოუ–ეკოტო, ლედლი კინგი, სებასტიან ბასონგი, ვედრან ჩორლუკა, უილსონ პალასიოსი, ჯერმეინ ჯენასი, აარონ ლენონი, ნიკო კრანჯჩარი, ჯერმეინ დეფო, რობი კინი.

მატჩი 20 სექტემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.

პრემიერ ლიგის გათამაშების ცხრილი მეექვსე ტურის წინ ასე გამოიყურება:

გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.